
ბრიტანული ’ევრო სპორტის’ კომენტატორები და სხვა მიმომხილველები ტურნირის ბოლოს თამამად ამბობდნენ, რომ ასეთი მღელვარე და შესანიშნავი ტურ დე ფრანსი 1989 წლის შემდეგ არ უნახავთ. მართლაც, ძალიან გამორჩეული და დასამახსოვრებელი შეჯიბრება გამოვიდა.
გავიხსენოთ უამრავი ’ქრაში’ და პირველი ექსტრანერვული კვირა, რამაც ბევრი ფავორიტის დაკარგვა გამოიწვია. ყველაზე სამწუხარო და დასანანი ამბავი, რა თქმა უნდა, ბრიტანელ ბრედლი ვიგინსს შეემთხვა, ლავიწის ძვალი გაიტეხა და შესანიშნავ ფორმაში მყოფს ნაადრევად მოუხდა ტურის დატოვება. ახლაც ჩამესმის დევიდ ჰერმონის სევდიანი შეძახილი: ”ოჰჰ ნოუუუ, ფლიიიზ ნოუუუუუუუ”.
’რედიოშაკმა” დაკარგა იანი ბრაიკოვიჩი და საბოლოოდ სხვადასხვა მიზეზების გამო მთლიანად ჩააგდო ტურნირი. ბრიუნელი იძახდა, ’მისდღემჩი’ 9 კაცით შევდიოდი პარიზში და ახლა კიდე პირველი კვირის მერე ექვსნიღა დავრჩითო. სლოვენიელის მსგავსად მალევე დაგვემშვიდობნენ სხვა ფავორიტები, მათ შორის: იურგენ ვან დენ ბროკი, ალექსანდრ ვინაკუროვი, ტომ ბუნენი, ანდრეას კლოდენი და სხვები. ისტორიული იყო შემთხვევა, როცა ტელევიზიის მანქანამ გვერდი მისცხო საბრალო ხოსე ანტონიო ფლეჩას, რომელმაც ჯონი ჰუგერლანდიც მიიყოლა თან.
ტურის ჩამგდებებში ალბათ ’საქსო ბანკიც’ უნდა მოვიხსენიო. კონტადორის მე-5 ადგილი პრინციპში შეიძლება რამედ ჩაითვალოს, მაგრამ მთლიანობაში გუნდმა ძალიან უფერული შთაბეჭდილება დატოვა. თავად ალბერტოსთვის (და საყურებლადაც), მგონი, კარგი იყო ეს მარცხი. რაც მთავარია, მან ბოლომდე იბრძოლა, უკანასკნელი ძალებით შეუტია და თავაწეულმა დატოვა საფრანგეთი.
ნორვეგიული თემა. ძალიან წარმატებული გამოვიდა ტური ნორევეგიელებისთვის და ყველა ამაზე რო ლაპარაკბდა და ულოცავდა ერს, შეჯიბრების ბოლოს წინა დღეს მომხდარმა ტერაქტებმა მთლიანად გადაფარა ნორვეგიელების ზეიმი. არადა, ჰუშჰოვდმა და ბოსონ-ჰაგენმა მთლიანობაში 4 ეტაპი მოიგეს (თითომ ორ-ორი), ჰუშჰოვდი საერთოდ ყვითელ ჯერსის ატარებდა ერთ კვირას, თან მსოფლიო ჩემპიონის რანგში.
რაღა თქმა უნდა, თომას ვოკლერი. აი, მას ჰქვია კაცი თუ ჰქვია. 2011 წლის ტური გაალამაზა და შეამკო თავისი პერსონით. როგორ იბრძოდა მთებში, მთელი ძალითა და უკანასკნელი ენერგიით ცდილობდა ყვითელი მაისურის შენარჩუნებას და გმირულად მიიტანა კიდეც მე-18 ეტაპამდე. ასევე არ დამავიწყდება მისი ყვირილი და ბოთლის მსხვრევა ალპების დალაშქვრისას. ალპ დ’უეზზე გაიბრწყინა და მთლიანად ტურზეც შესანიშნავად იასპარეზა ვოკლერის თანაგუნდელმა ახალგაზრდა პიერ როლანმა, რომელმაც ფრანგებს ნანატრი ’ფრანგული ეტაპი’ მოუტანა და საბოლოოდ თეთრი მაისურის მფლობელიც გახდა.
შლეკები... წეღან რო დავფიქრდი, პრინციპში თავისი კი გაიტანეს და კონტადორს აჯობეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგ არ ყოფილა მთავარი. ორივე ძმა პოდიუმზე ავიდა, რაც თავისთავად ბრწყინვალე შედეგია როგორც პირადად მათთვის, ისე ახლადშექმნილი ’ლეოპარდ-ტრეკისთვის’. მიუხედავად იმისა, რომ გუნდურ კლასიფიკაციაში ’გარმინმა’ გაიმარჯვა, მე მგონი, ეს გუნდი საუკეთესო იყო ტურზე თავისი ორგანიზებულობითა და დახვეწილი მუშაობით. ენდიმ კი თავისი სიტყვა თქვა, როცა ულამაზესად გაიმარჯვა ლეგენდარულ გალიბიეზე.
კადელ ევანსი. გამოცდილებამ და კლასმა თავისი ქნა. ავსტრალიელმა ბრწყინვალედ იარა მთელი სამი კვირის განმავლობაში, ერთი ეტაპიც მოიგო, მთებშიც ვაჟკაცურად იდგა და საბოლოოდ ინდივიდუალურ რბოლაში ენდის პირველობაც ჩამოართვა, თანაც საგრძნობი უპირატესობით. როგორც ამბობდა, ორჯერ ვიყავი მეორე ადგილზე და ნამდვილად აღარ მინდა იგივეს გამეორებაო. აღარც გაიმეორა, დიდი ხნის შრომის შემდეგ სანუკვარ მიზანს მიაღწია და სიხარულის ცრემლებითაც დაასველა ყვითელი მაისური. (შენ ისა თქვი, ენდიმ რა ქნას, ზედიზედ მესამედ რომ დაისაკუთრა მეორე ადგილი). ამ გამარჯვებაში ’ბი-ემ-სის’ გუნდურობამაც დიდი როლი ითამაშა. პარიზში გამარჯვების აღნიშვნისას გამოჩნდა, როგორ იყვნენ ბიჭები ერთ მუშტად შეკრულნი ევანსის გარშემო.
მარკ კევენდიში გახდა პირველი ბრიტანელი, რომელმაც მოიგო მწვანე ჯერსი. კი იყო ამის დრო მოსული უკვე. კევმა წლევანდელ ტურზე 4 ეტაპი მოიგო, მათ შორის უკანასკნელი შაზელიზეზე და მთლიანობაში 20 მოგება დაუგროვდა ტურ დე ფრანსზე. მართალია, მთაში ისე გაუჭირდა, კინაღამ ჩამოართვეს სპრინტერის მაისური, მაგრამ დღესდეობით მარკ კევენდიშს სპრინტში ბადალი ნამდვილად არ ჰყავს, რაც ბრიტანელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რასაკვირველია, ’ეიჩ-ტი-სი ჰაიროუდის’ არაჩვეულებრივი მუშაობის შედეგად.
სამუელ სანჩესმა იმდენი იაქტიურა, რომ პოლკა-დოთ ჯერსის დაეუფლა და წელს ასევე განსაკუთრებულად გამოირჩა ბელგიის ჩემპიონი ფილიპ ჟილბერი, რომელმაც პირველი ეტაპი მოიგო და ბოლოს პარიზში სპეციალური ჯილდოც გადასცეს მას და თომას ვოკლერს.
აი ეს იყო მოკლე მოგონება ივლისის სამი დაუვიწყარი კვირის, ანუ 2011 წლის რიგით 98-ე ტურ დე ფრანსის.
ცხადია, სინამდვილეში უფრო მეტია მოსაყოლი, მაგრამ ბლოგზე გრძელი პოსტების წერა არ არის რეკომენდირებული, რაც მეტს დაწერ, უფრო დიდი შანსი გაქვს ჯაშუშობის არტყმის... ან ეგ თუ აგცდა, პოსტის მრიცხველი ბევრს დაწერს და მერე ფანჯრის ფულს ვინ გადაიხდის.


0 comments:
Post a Comment